თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქაირო კომენტარს არ აკეთებს კომპანია “კოგალიმავიას“ განცხადებაზე თვითმფრინავ А321 —ის სინაის ნახევარკუნძულზე დაღუპვის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, ამი შესახებ სააგენტო Sputnik-ს ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს პრეს-მდივანმა მუჰამად რახმა განუცხადა.
მანამდე, ორშაბათს „კოგალიმავიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე სმირნოვმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია გამორიცხავს ავიალაინერის დაღუპვის მიზეზთა შორის „საჰაერო ხომალდის ტექნიკურ გაუმართაობას“ და „პილოტის შეცდომას“. მისი თქმით, ერთადერთი ახსნადი მიზეზი თვითმფრინავის ჰაერში დაშლისა შესაძლოა იყოს გარკვეული ზემოქმედება თვითმფრინავზე — მექანიკური ან ფიზიკური“.
„გამოძიების დასრულებამდე არ შეიძლება რომელიმე ვერსიის გამორიცხვა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მხოლოდ და მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდებია და მხოლოდ გამოძიებას შეუძლია ჭეშმარიტი მიზეზების დასახელება“, —თქვა რახმამ.
სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ გამოძიების შედეგები მისი დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა მოხდა შაბათს. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი Airbus А321, რომლეიც შარმ-ეშ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი იმყოფებოდა და 7 ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.