თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ნაპოვნია ეგვიპტეში ნახევარკუნძულ სინაიზე ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ორივე შავი ყუთი, განაცხადა ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ხუსამ კამელმა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვისტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით.
ადრე გავრცელებული ცნობით, ექსპერტებმა უკვე დაიწყეს თვითმფრინავის დაღუპვის ადგილას ნაპოვნი ერთ-ერთი შავი ყუთის გაშიფვრა.
თვითმფრინავ А-321-ის დაღუპვას სინაიში ეგვიპტური მხარე რუსეთის შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით გამოიძიებს. როგორც როსავიაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისათვის როსავიაციის ოპერატიული ჯგუფი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თვითმფრინავით ტრაგედიის ადგილისაკენ გაემართა.
ამავე დროს რუსეთის ფედერაციის საელჩოში ქაიროში, ეგვიპტელ ექსპერტებთან ერთად რუსი სპეციალისტების მისაღებად ემზადებიან, რომლებიც მაშინვე ტრაგედიის ადგილისაკენ გაემართებიან და იქ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები დაადგენენ ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა გარემოებას, — თქვა რუსეთის ელჩმა სერგეი კირპიჩენკომ.
ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით 6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტეში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მონაცემებით, ავიაკატასტროფაში არავინ გადარჩენილა.