თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკის მიუხედავად, კვლავ გრძელდება, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორშაბათს, 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს, 2 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო ტელეარხ „რუსთავი 2"–ის ადვოკატების სარჩელი და ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.
„ივანიშვილის ბლიცკრიგი უკვე აღარ იქნება, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმები შეჩერებულია. უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე ტელევიზიაში დაუყოვნებლივ შეჭრის გეგმა არ განხორციელდა. შესაძლოა, ეხლა მაიც მიხვდებიან ზოგიერთები, რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ბოლო დღეებში დროის მოგებას“, — წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა ბიზნესმენ ხალვაშის შუამდგომლობას, რომლითაც ის ტელეკომპანიისგან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს. ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც „რუსთავი 2"–ის აზრით, ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არხის დახურვის მიზნით აკეთებს.