თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან დაბალია, — განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ხმათა 49,5% მიიღო და 3,67%–ით გაუსწრო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს.
„შედეგებს თუ დავაკვირდებით, პოლიტიკური შეფასება შემიძლია გავაკეთო, რომ ძალიან უჭირს კოალიციას. პრაქტიკულად, მათ მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ალტერნატიული ძალა იქნება „თავისუფალი დემოკრატები“, ვისაც მიეცემა შანსი 2016 წელს რეალურად მოიპოვოს ხალხის ნდობა“, — განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და უფრო მეტად სამართლიანი გახდეს.