თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ორ რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების გახმოვანების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მმართველი კოალიციის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ხმათა 49,5% მიიღო და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს 3,67%–ით აჯობა.
„ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“… ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები“, — დაწერა უსუფაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
საგარეჯოში შუალედური არჩევნების წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, — აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებში წარმატებისთვის. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის“, — წერს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის დასკვნით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ყველა შემდგომი ნაბიჯის შეთანხმება.
მარტვილის რაიონში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა, ხოლო საგარეჯოს რაიონში — „რესპუბლიკელები-ქართული ოცნების“ წევრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ცესკომ უკვე დაასრულა ბიულეტენების დათვლა მარტვილის რაიონის 39–ე საარჩევნო უბანზე. შედეგების მიხედვით, სოსო დანელიამ მიიღი 9 620 ხმა, რაც ამომრჩეველთა 72,54%–ს შეადგენს. 3 641–მა ამომრჩეველმა (27,45%) ხმა მისცა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ეთერ მეძველიას. მარტვილის რაიონში შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა.
საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი. ცესკოს მონაცემებით, მან 7 540 ხმა მიიღო (49.5%). მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. მას 6 981–მა ამომრჩეველმა (45,83 %) მისცა ხმა.
სხვა კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა:
• გიორგი დავითაია — 2,35%
• მიხეილ აზნდღულაძე — 1,81%
• ზურაბ ჯორბენაძე — 0,49%
საქართველოს პარლამენტში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 12–მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა. მათი მტკიცებით, საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და არსებულ ვითარებას არადემოკარტიულად აფასებენ.