პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციაზე რეაგირებას მოახდენს, იუწყება იუსტიციის სამინისტრო ხუთშაბათს, 3 სექტემბერს.

შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა და ფრაქცია „რესპუბლიკელები–ქართული ოცნების“ წევრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა.

უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. 

 „უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან“, – ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან, აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას შსს–ს; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის;  განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  მიიღებენ.

კომისიის სხდომები იმ სიხშირით გაიმართება, რასაც წინასაარჩევნო პროცესი მოითხოვს, თუმცა, მისი წევრები ორ კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან და არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან  შეწყვეტს.

კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაში.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0