თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა, — იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
ბიულეტენების 99%–ის დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმათა 49,4% და 316 ადგილი მიიღო პარლამენტში, რაც მას აბსოლუტური უმრავლესობის შექმნის გარანტიასა და ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.
„მჯერა, რომ ჩვენმა მეგობარმა თურქეთმა ამ არჩევნებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, — ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის პარლამენტში შევლენ: მემარცხენე–ცენტრისტული „სახალხო–რესპუბლიკური პარტია“ (ხმათა 25,4%), „ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური პარტია“ (11,9%) და პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტია“ (10,7%).