თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თვითმფრინავი А321, რომელიც ეგვიპტეში დაიღუპა, ჰაერში დაიშალა, მაგრამ ჯერ ჯერობით კატასტროფის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის (სსკ) აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ სოროჩენკომ.
ეს განცხადება მან კატასტროფის ადგილის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
„ნაადრევია რაიმე დასკვნებზე საუბარი. თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა და მისი ფრაგმენტები დიდ ფართობზეა გაშლილი (დაახლოებით 20 კვ.კმ)“, —თქვა მან.
ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით 6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტეში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მონაცემებით, ავიაკატასტროფაში არავინ გადარჩენილა.