წმიდა წერილის გენეტიკური კოდი -,,ქართული ენა უფლის ერთადერთი მეგობარია“

© photo: Sputnikსამება
სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ლალი ნოზაძე

  ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტთან 2011წელს შეიქმნა ბიბლიის მეცნიერული კვლევის საზოგადოება „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის“, რომელსაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თენგიზ სარალიძე ხელმძღვანელობს. მეცნიერთა ჯგუფის კვლევის საგანი წმიდა წერილის მიმართ მეცნიერული დამოკიდებულების როლის განსაზღვრაა. ამ თემაზე ჩვენ საზოგადოება „მეცნიერები უკეთესი მომავლისთვის“ თავმჯდომარეს ზაალ ლომსიანიძესა და ამავე საზოგადოების თანადამფუძნებელს, თბოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ფუსტიეთის წმინდა სამების  ტაძრის მოძღვარს, ფუსტიელთა სკოლა-მუზეუმის წინამძღვარს მამა ავთანდილ გიორგობიანს ვესაუბრეთ.

 —ბატონო ზაალ, რა არის თქვენი მეცნიერული კვლევის საგანი და როგორ მოხდა თქვენი ამ თემით დაინტერესება?

 -სულ გვესმოდა, ქართულ ენას რაღაც საიდუმლო აქვს, განკითხვა ქართულად მოხდება. სწორედ იმან, რომ ქართველები ვართ, იმ ფესვებმა, რომელსაც ნორჩის აღმოცენება შეუძლია, მიგვიყვანა იმ საკითხამდე, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით გადავწყვიტეთ მეცნიერული კვლევები ჩაგვეტარებინა. 

— თქვენს ჯგუფში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გაერთიანდნენ. როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

 -თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად ვაქტიურობით.  შემდეგ კონტაქტებით ჩამოყალიბდა აზრი, რომ ერთად, ორგანიზებულად გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი — მამა ავთანდილ გიორგობიანი თბოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი აღმოჩნდა.

 -მამაო  ავთანდილ, რას ნიშნავს თქვენთვის მეცნიერთა ამ ჯგუფთან ყოფნა?

 —ექვსი წელია, ამ ჯგუფთან ვარ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულიერი, მეცნიერული კუთხით უყურებენ წმინდა წერილის გახსნას. ამიტომ მეც გადავწყვიტე ამ საზოგადოების წევრი გავმხდარიყავი. დღეს ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ბევრი საერთო მოსაზრება და ნაშრომი გვაქვს. ვფიქრობთ, სიღრმისეულად წარვმართოთ ჩვენი კვლევები იმიტომ, რომ ამის გარეშე  ვერ გავხსნით იმ თეოკულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იბერიულ სინამდვილეს გააჩნია.

 —ეკლესია როგორ უყურებს თქვენს კვლევებს?

 —წმინდა წერილი გვასწავლის,  თუ თქვენ გხვდებათ დიდი წინააღმდეგობა რაიმე საკითხში, ეს  ნიშნავს, რომ  ნამდვილად სწორ გზაზე დგახართ. ჩვენ მეცნიერების ისტორიიდანაც შეგვიძლია ძალიან ბევრი ფაქტი გავიხსენოთ, რომ თავის დროზე უამრავი სიახლე მიუღებელი იყო არამარტო მასებისთვის, არამედ თვით იმ დარგის სპეციალისტებისთვისაც. იდეა და მოწინავე აზრი ყოველთვის წინ უსწრებს საზოგადოების აზროვნებას. ბუნებრივია, მორწმუნე საზოგადოება — საპატრიარქო იქნება, თუ ეკლესიის მსახურები — გარკვეულად ამ ნაკლოვანებებს განვიცდით. რომ აზროვნება ადამიანის უპირვლესი მადლია და მეცნიერება სულიწმინდის  შვიდ მადლშია შეტანილი, ჩვენ კარგად ვიცით. გეტყვით, რომ ჩვენი მომხრეთა რიცხვი იზრდება. ჭეშმარიტება თავიდან ძნელი შესამეცნებელია. სანამ ეს ყველასთვის გასაგები გახდება, გარკვეული დრო დასჭირდება, ალბათ მიწოდების ფორმასაც გააჩნია. დღეს ინფორმაციული ომია. დღევანდელ საზოგადოებას სულიერი აღზრდა და განათლება სჭირდება. ჩვენ დიდი კულტურის პატრონები ვართ და ეს ჩვენ, ქართველმა მეცნიერებმა რომ არ ვაღიაროთ, ამას სხვები აღიარებენ. მითუმეტეს, ჩვენი ჯგუფი წმინდა წერილის საიდუმლოებებს ისე მეცნიერულად ხსნის და მართლაც დამაჯერებლად და არგუმენტირებულად აწვდის საზოგადოებას, რომ რაც არ უნდა მოწინააღმდეგე იყო, სათქმელიც არ გრჩება. თავიდან უნდა იშვას ლაზარე, როგორც ენა და ჩვენ სულიერი აზროვნება უნდა ვისწავლოთ. ადამიანს და სამყაროს ახასიათებს სულიერი და მატრეიალური მხარე. ჩვენ ეხლა ძირითადად მატერიალიზებული ვართ და სულიერი მხარე დაკნინებულია. წმინდა წერილი გვასწავლის, იცოდეთ თავიდან უნდა იშვათო. რა იგულისხმება თავიდან შობაში? სწორედ ის, რომ სულიერი აზროვნება უნდა ვისწავლოთ. აპოკალიფსის განსაზღვრაც აქედან გამომდინარეობს, რაც სულიერსა და მატერიალურს შორის სხვაობას გულისხმობს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი წავა წინ. მატერიალური და სულიერი აუცილებლად გათანაბრებული უნდა იყოს. როგორც ჩვენი წმიდა მამა გაბრიელ ქიქოძე იტყოდა, ჩიტი ორი ფრთით დაფრინავს და მენიჩბეც ორ ნიჩაბს უსვამს. აი, ამიტომ მივესალმები ამ ჯგუფის მუშაობას. რაც ნამდვილად წაადგება ჩვენი ერის მომავალს.

 —ბატონო ზაალ, რა იყო პირველი ნაბიჯი, რითიც თქვენი კვლევები დაიწყეთ?

 -პირველი ნაბიჯი ქართული ენის ანუ ლაზარეს ფენომენია, რომელიც ჯერ კიდევ იოანე ზოსიმეს აქვს გაცხადებული. გარდა ამისა, ლაზარეს აღდგომის შაბათი და ქართული ენის დღესასწაული გაიგივებული გვაქვს.  მეცნიერული კუთხით, თანამედროვე ეტაპზე ეს მოითხოვდა ასეთ ხედვას, რომ თუ ლაზარე ქართული ენაა  და ამას ჩვენი საპატრიარქო და პატრიარქი თავის  ეპისტოლეებში სულ გვეუბნება, ხოლო სახარება კი მას უფლის ერთადერთ მეგობარს უწოდებს, გამოდის, რომ ქართული ენა უფლის ერთადერთი მეგობარია. ამ კითხვით ჩვენ გადავწყვიტეთ ქართული ენის რაობა გაგვერკვია წმიდა წერილთან მიმართებაში. წმიდა წერილს გამოცხადებაში ასეთი მითითება აქვს: „…და ვიხილე საყდართა ზედა მჯდომარისა ხელში წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შვიდითა“ და შემდეგ წერია, რომ „დიდხანს ვიდექი და ვტიროდი, ფრიად, რამეთუ არავინ მეპოვა, რომელსამცა განევო წიგნი, ანუცა მიეხედნეს მას“. ანუ აქ ჩანს, რომ შვიდი ბეჭდით დალუქული  წიგნი გაღებული არ არის. ე.ი. გამოცხადება გვეუბნება, რომ დღევანდელი მომენტისთვის ეს წიგნი გახსნილი არ არის. 

 —რა იგულისხმება შვიდი ბეჭდის საიდუმლოში?

 —ჩვენი ჯგუფის დაუღალავმა შრომამ გაარკვია, რომ ამ წიგნის საიდუმლოთა გასაღები ქართულ ენასა და დამწერლობას აბარია და შვიდი ბეჭდის საიდუმლო ესაა სულიერი წერის შვიდი საიდუმლო. ანუ სანამ არ გაირკვევა დამწერლობითი კუთხით წმიდა წერილისეული წერის შვიდი სულიერი საიდუმლო, მანამდე ეს წიგნი ინფორმაციული არ იქნება. ფაქტიურად, მიკრო ჩიპივით გამოდის — თუ გახსნის კოდი არ მიუდგა, ისე ინფორმაცია დახურულია. ჩვენ ინტერნეტსივრცეში მოწოდებული გვაქვს ფილმი „მეორედ მოსვლის მთავარი ნიშანი“, სადაც ჩვენ  ვაჩვენებთ ენის რაობას, თუ როგორ არის წმინდა წერილში მითითებული, რომ ეს ენა ქართულია. მეორე ფილმიც არის —„მე ვარ ანი და ჰოე“ — არსი იმისა, თუ ენა როგორ პასუხობს წერილს, აქ დევს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურ საკითხად მიგვაჩნია, რომ წიგნი  გაიხსნას. მოძღვრება გვასწავლის, რომ ამ შვიდი ბეჭდის საიდუმლო უფალმა უნდა გახსნას, რომ ამის კაცთაგან გახსნა არ მოხდება, მაგრამ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მეცნიერული თვალსაზრისით, ჩვენ ვალდებულები ვართ,  ეს კითხვა დავსვათ. დავუშვათ, მოვიდა უფალი, გახსნა ეს წიგნი და განგვიმარტა შვიდი ბეჭდის საიდუმლო. ამის შემდეგ  წიგნს ხომ გახსნილი დაერქმევა, გახსნილი წიგნიდან მოწოდებული მოძღვრება აღმოჩნდება დღევანდელი მოძღვრების იდენტური? არ აღმოჩნდება და ამას ყველა ხვდება. დღევანდელი მოძღვრება არის მოძღვრება გაუხსნელი წიგნიდან, როცა უფალი გახსნის ამ ბეჭედთა საიდუმლოს, მაშინ მოძღვრება შეიცვლება მოძღვრებით გახსნილი წიგნიდან. ეს ძალიან კარგად ჩანს გამოცხადებიდანაც „და ვიხილე სიონის მთაზე მდგომარე კრავი და მის წინაშე 144 ათასი მგალობელი ახალი საგალობლისა“. ეს ახალი საგალობელი სხვადასხვანაირად არის აღქმული, მაგრამ ფაქტია, ეს მეორედ მოსვლის ჟამს მოხდება და ეს ახალი საგალობელი იქნება უკვე საგალობელი გახსნილი წიგნიდან. ჩვენ ბეჭდების საიდუმლოსაც ჩავეძიეთ, თუმცა ამ ეტაპზე  სასურველია, მკითხველი  ფეისბუქ- გვედზე „მეცნიერები უკეთესი მომავლისათვის“ ჩვენს სხვა ნაშრომებს გაეცნოს, რომ ეს საკითხი უფრო დამაჯერებელი და იოლად აღსაქმელი გახდეს;  შემდეგ კი  - ერთ-ერთი ბეჭდის საიდუმლოს აუცილებლად გაიგებს.

 —იმაზე რას იტყვით, რომ შვიდი ბეჭდის საიდუმლო მხოლოდ უფალმა უნდა გახსნას?

 -ის საკითხი, რომ კაცთაგან შეუძლებელია ამ საიდუმლოს გახსნა და ეს მკრეხელობად და ამპარტავნებად არ შეგვიფასდეს, მოვიყვან მაგალითს, არსებობს იესო ქრისტეს მიერ მიწერილი წერილი ავგაროზს, სადაც ძალიან კონკრეტულად წერს: „ბეჭედთა განმარტებები არს ესე…“ და ჩამოთვლილია შვიდივე ბეჭედი ქართული ასო-ნიშნების მითითებით. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის შემონახული და როგორ შეიძლება ითქვას, რომ ვინმეს ამპარტავნება ჰყოფნის და ბეჭედთა საიდუმლოში გარკვევას იბრალებს?! ეს ყველაფერი ხომ უფლის მიერაა ნაკარნახევი, განმარტებული და დადებული. ჩვენ  უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ. მაგრამ მთავარი პირობა ამ ბეჭედთა არსის წვდომაში მაინც არის ის გასაღები, რომელიც ერთ ენაში იყრის თავს. რამდენიც არ უნდა უტრიალოთ სხვა ენებს, ერთადერთი გასაღების მომცემი ქართული ენაა თავისი დამწერლობით. აი, ამიტომ ამბობენ, რომ განკითხვა ქართულ ენაზე უნდა მოხდეს. რატომ? ამ გასაღების მფლობელი მხოლოდ ქართული ენაა. ამიტომ სჭირდება უფალს გააცოცხლოს ეს ენა. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად შევასრულებთ იმ საქმეს, რომლის ბოლო წერტილი იბერიის გაბრწყინებას გულისხმობს. თუ ხორცის სულ მცირე ნაწილზე გენეტიკური ანალიზის ჩატარებით, მისი გენომი დგინდება, ასეთივე გენომის მატარებელია წმიდა წერილიც. როცა მეცნიერულად შევძლებთ ამ წერილის გენომის წაკითხვას, ჩვენ აუცილებლად დავადგენთ, რომ ამ წერილის მომავლინებელი დამწერლობა არის ქართული ანი და ჰოე და ამიტომ წერია „მე ვარ ანი და ჰოე“. თანამედროვე მეცნიერები ამას ასე უდგებიან — აქ ალფა და ომეგა უნდა ეწეროსო, მაგრამ ჩვენ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ეს არ ეთავსება წერილის შემადგენლობასა და სტრუქტურას. ისე, როგორც მაგალითად, შვეიცარიელმა მეცნიერებმა ეგვიპტელი ფარაონების მუმიების გენეტიკური კვლევებით დაადგინეს მათი კოლხურ-კავკასიური წარმომავლობა და ამდენი ათასწლეულის წინ არსებული ინფორმაცია არ დაიკარგა, ასე არ დაკარგავს ქართულ ენასთან წმიდა წერილი გენო ფესვებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართულ ენას დაუდგება ის დღე, რომელიც თითოეული  ჩვენგანისათვის საამაყო იქნება. 


ყველა ახალი ამბავი
0