თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. უალკოჰოლო სასმელების მარკირების სისტემის შემოღება პროდუქციაზე ფასების ზრდას ამ ეტაპზე არ გამოიწვევს, განაცხადა გორის საკონსერვო ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ.
„იქიდან გამომდინარე, რომ მარკირების თანხები კომპანიის გადასახდელი არ იქნება, შესაბამისად ეს პროდუქციის ფასზე ამ ეტაპზე არ აისახება“–აღნიშნა ვანო გოგლიძემ.
გორის საკონსერვო ქარხანა ხილის და ბოსტნეულის წვენებს და კომპოტებსაც აწარმოებს.
ფეიხოას, შავი მოცხარის, მარწყვის, ლეღვის, ყურძნის, მაყვლის, ჟოლოს, ალუბლის, ატმის, შინდის, ალუბალი+ჟოლო+მოცხარი, მაყვალი+ალუბალი+შინდი, მაყვალი+ალუბალი, ბროწეული+ალუბალი, კომშის, გარგრის, სტაფილოს, ქლიავი+ატამი, ქლიავის, სტაფილო+ვაშლი, ტომატის, ასკილის, ვაშლის, ბროწეულის, ფორთოხლის, მანდარინის, სუბტროპიკული წვენებ 1; 0,5; 0,33; 0,2 ლიტრიანი მინის ქილებში და 1 ლიტრიანი მუყაოს შეფუთვებში იწარმოება, ხოლო ალუბლის, თეთრი ბლის, მარწყვის, ატმის, ატამი+მოცვი, ატამი+მაყვალი, ალუბალი+მაყვალი, ატამი+მოცხარი, ალუბალი+მოცხარი, მსხლის, კომშის, შინდის, ყურძენი+შინდი, ფეიხოას კომპოტები კი 1 ლიტრიანი მინის ქილებით და 590; 850 გრამიანი თუნუქის ქილებით.
რაც შეეხება იმას, თუ რაში შეიძლება დაეხმაროს სავალდებულო მარკირება მეწარმეებს, ვანო გოგლიძის აზრით, შესაძლოა ამან ხელისუფლებას კონტრაბანდის კონტროლი გაუადვილოს.
„იმაში დამეხმარება, რომ თუ შემოდის კონტრაბანდა ან აღურიცხავი პროდუქცია, სახელმწიფო გააკონტროლებს სახელმწიფო და ჩვენი პროდუქცია უფრო გაიყიდება, რადგან ჩვენ უსაბუთო ოპერაციებს არ ვახორციელებთ“–განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოში უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების სისტემის შემოღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმებოდა, მაგრამ, მწარმოებელი კომპანიების თხოვნით, ხელისუფლება დათმობებზე წავიდა და ეს ვადა 2015 წლის 1 ნოემბრამდე გადასწია. უალკოჰოლო სასმელები (მათ შორის — მინერალური და მტკნარი წყლები), მატერიალური ან არამატერიალური ფორმით, სავალდებულო მარკირებას, 2012 წლის 24 აპრილის ბრძანების თანახმად, ექვემდებარება.
უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების სისტემის შემოღების შემდეგ მწარმოებლებს შემოსავლების სამსახური ნაკლებად შეამოწმებს, რადგან სამინისტროს მთელი ინფორმაცი ონლაინ-რეჟიმში ექნება,– მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს.
„მარკირების შემოღების შემთხვევაში, აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ გაჩნდება უფრო მეტი ნდობა და საგადასახადო შემოწმებები შემცირდება, ვინაიდან სამინისტროს ონლაინ-რეჟიმში სრული ინფორმაცია ექნება არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რასაც თავად ფინანსთა მინისტრიც ადასტურებს“, –აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
ნოდარ ხადურმა კი განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნესს დამატებითი ბარიერები არ შეექმნას და მარკირების გამო პროდუქცია არ გაძვირდეს.
„აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი სახსრებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები იგივე დარჩება“, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტზე არ აისახება, რადგან თანხებს შემოსავლების სამსახური თავისი ბიუჯეტიდან გაიღებს.
ნოდარ ხადურის განცხადებით, ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.