თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ჩანაწერებმა ყველაზე მეტი ზიანი „ნაცმოძრაობის “საქართველოში მყოფ წევრებს მოუტანა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარემ ბესიკ ალადაშვილმა.
ერთ–ერთმა უკრაინულმა ინტერნეტ-გვერდმა გაავრცელა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი "რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან. საუბრისას სააკაშვილი მათ აძლევდა რჩევებს ტელეკომპანიის დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი იყო ბოევიკებზე, ბარიკადების აღმართვასა და კარვების გაშლაზე, რაც რევოლუციაში გადაიზრდებოდა. გვარამიამ დაადასტურა სააკაშვილთან აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
„ეს ჩანაწერები "რუსთავი 2"–ის და „ნაცმოძრაობის“ თვითლუსტრაცია იყო და ისინი ზიანის მომტანი განსაკუთრებით პარტიის საქართველოში მყოფი წევრებისთვის არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი და უკრაინაში მყოფი მისი გუნდის წევრები, რაღაც სარგებელს ამითაც ნახავენ“–განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერებმა ყველა უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და "რუსთავი 2" ოპოზიციური პარტიის რუპორია, რადგან ადამიანი, რომელიც არანაირ კავშირიში არ არის ტელეარხთან, აძლევს მითითებას მის გენერალურ დირექტორს და ისიც უსიტყვოიდ ემორჩილება.
რაც შეეხება ოდესის გუბერნატორის საუბრების ჩაწერის კანონიერებას, ბესიკ ალადაშვილის თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ ბევრი „მეგობარი“ ჰყავს, რუსეთშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც, ცხადია,რომ მისი მოსმენით ამ სამივე ქვეყნის სპეცსამსახურები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულები.
"რუსთავი 2"–თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის პოლიტიზაცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილია, — მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანს.
„გუშინდელმა ჩანაწერებმაც დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ საქმის პოლიტიზირება მიზნად ისახავს ქვეყანაში ქაოსის შექმნას. ყველა, ვინც ამ თამაშში ერთვება, თამაშობს მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს. ეს დამთავრდება მათთვის პოლიტიკურად ძალიან სავალალოდ“, — განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გეგმავდა ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის გზით, — განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ. ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ ჩვენ გეგმას. ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი“, —განაცხადა გვარამიამ.
პოლიტიკური პარტიების ინტერესები მეორეხარისხოვანია. „რუსთავი 2"–სთვის მნიშვნელოვანია „თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად და საჭიროდ“, — დაამატა გვარამიამ.
არხის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა „რუსთავი 2"–ის მომხრეებს, აღარ გამართონ ტალეარხის მხარდამჭერი აქციები, რათა ქვეყანაში სიტუაცია კიდევ მეტად არ დაიძაბოს.
„არ მოვუწოდებთ არავის, რომ შეიკრიბოს და დაგვიცვას. თუ დასაცავი გახდა კომპანია, ამას გავაკეთებთ ჩვენი ძალებით… ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას მშვიდობა ქვეყანაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ჩვენ ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ მას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მშვიდობისკენ გადაგმული ნაბიჯია. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, აღარ შეიკრიბონ, რითაც მოვხსნით დაძაბულობას ქვეყანაში“, — განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.