თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ არ უკვირს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „რუსთავი 2“-ის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილებისაკენ მოწოდება.
გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყვეს.
”აბსოლუტურად არ მიკვირს. ეს მისი (მიხეილ სააკაშვილის — რედ.შენ.) სტილია. მისი ცხოვრების სტილი. მაგრამ თუ შენ ხარ სახელმწიფო და გაქვს პრეტენზია იყო ხელისუფლება, მთავარი ამოცანა მსგავსი სისულელეების აღკვეთა და პრევენციაა“, — უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხილვაშის შუამდგომლობით, ტელეარხის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია. კომპანიისს ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა.