თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი ჯერ კიდევ ოდესის მერის არჩევნებში უკრაინული პასპორტით მონაწილეობა იყო, მიაჩნია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერს დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
„ადამიანს რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი უკრაინაში და რომელიც მერის არჩევნებში მონაწილეობს უკრაინული პასპორტით, როგორ შეიძლება არ შეუჩერდეს საქართელოს მოქალაქეობა?“ – კითხულობს დიმიტრი ლორთქმიფანიძე
მისი თქმით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ამაზე ცოტა ადრე უნდა ეზრუნა, რადგან სააკაშვილი ძალიან აქტიურად პოზიციონირებდა როგორც იმპორტირებული სახელისუფლებო რესურსი უკრაინაში.
„ეს იგივეა, რაც მოხდა კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც. როდესაც ის იყო ერთდროულად საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქე. გახსოვთ ალბათ, როგორ ხდებოდა ინტერპრეტაცია მაშინ ორგანული კანონის მოქალაქეობის შესახებ“ –აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას იწყებს, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარასკევს, 30 ოქტომბერს.
კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ ნორმის ძალაში შესასვლელად აუცილებელია იურიდიული და ტექნიკური პროცედურების ჩატარება.
„სერვისების განვითარების სააგენტომ 23 ოქტომბერს უკრაინულ ენაზე შედგენილი ოფიციალური ნოტა მიიღო, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მინიჭებული, და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამ დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს იწყება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალქეობის ჩამორთმევის პროცედურა, რის თაობაზეც მას წერილობით ეცნობება.
„ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო შეადგენს დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და ამ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, — ხაზი გაუსვა წულუკიანმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილიმა კი ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს.