თბილისი, 30 ოქტომბერი —Sputnik. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–თან დაკავშირებით მიმდინარე დავა სამართლებრივი გზით უნდა მოგვარდეს, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
„თუ მოსამართლე ურთმელიძე,რომელიც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში არის მხარე და რომელიც სასამართლო პროცესს ობიექტურად არ წარმართავს, ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, მეორე მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში უნდა გაასაჩივროს და თუ ამის საშუალება მას არ მიეცემა, მაშინ ევროპის სასამართლოს უნდა მიმართოს და მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა“–აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგის აზრით, მშვიდობიანად უნდა მოხდეს რუსთავი 2–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშორებული პროტესტის გამოხატვაც.
„არ უნდა იყოს მოწოდებები ბარიკადების აღმართვის თაობაზე და მოსახლეობის მხრიდან თავისუფალი აზრის გამოხატვა საპროტესტო აქციების გზით და შესაბამისი კანონის ჩარჩოებში უნდა მოხდეს. ნებისმიერი რადიკალიზმი აბსოლიტურად მიუღებელია“–მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.
ერთ–ერთმა უკრაინულმა საიტმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი ნიკა გვარამიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან. საუბრისას სააკაშვილი მათ აძლევდა რჩევებს ტელეკომპანიის დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი იყო ბოევიკებზე, ბარიკადების აღმართვასა და კარვების გაშლაზე, რაც რევოლუციაში გადაიზრდებოდა. გვარამიამ დაადასტურა სააკაშვილთან აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გეგმავდა ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის გზით, — განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ. ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ ჩვენ გეგმას. ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი“, —განაცხადა გვარამიამ.
პოლიტიკური პარტიების ინტერესები მეორეხარისხოვანია. „რუსთავი 2"–სთვის მნიშვნელოვანია „თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად და საჭიროდ“, — დაამატა გვარამიამ.
არხის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა „რუსთავი 2"–ის მომხრეებს, აღარ გამართონ ტალეარხის მხარდამჭერი აქციები, რათა ქვეყანაში სიტუაცია კიდევ მეტად არ დაიძაბოს.
„არ მოვუწოდებთ არავის, რომ შეიკრიბოს და დაგვიცვას. თუ დასაცავი გახდა კომპანია, ამას გავაკეთებთ ჩვენი ძალებით… ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას მშვიდობა ქვეყანაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ჩვენ ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ მას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მშვიდობისკენ გადაგმული ნაბიჯია. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, აღარ შეიკრიბონ, რითაც მოვხსნით დაძაბულობას ქვეყანაში“, — განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა კი ნაწილობრივ შეზღუდული. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.