თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. თუ ანგელა მერკელს თანამდებობას დაატოვებინებენ, ევროპა ნაწილებად დაიშლება, მიიჩნევს გამოცემა Financial Times–ის ავტორი ფილიპ სტივენსი.
მისი თქმით, გერმანიის მოქმედი კანცლერი ევროპაში სტაბილურობის გარანტია და მის გარეშე „ბზარები გაზრდას დაიწყებს“. ეს ევროპის „დასასრულის დასაწყისი“ იქნება, წერს ანალიტიკოსი.
სტივენსი აღნიშნავს, რომ მერკელის პარტია „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და გაარკვია, რომ ახლა მისი გადადგომა მათთვისაც დასაშვები ვარიანტია. „სულ რაღაც ერთ დღეში წარმოუდგენელი სარწმუნოდ იქცა, ხოლო მისი პარტიის ზოგიერთი წევრისთვის – სრულიად შესაძლებელიც“, – წერს სტივენსი.
მისი თქმით, ევროპა „კრუნჩხვებშია“ და ნაციონალური განწყობების გაძლიერება ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე – ამ მდგომარეობის ერთ–ერთი დამადასტურებელია. გერმანელი პოლიტიკოსები, როგორც გამოცემის ავტორი აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ მოქმედების რაიმე გეგმან შეადგინონ, პანიკაში არიან.
სტივენსის თქმით, ამ კრიზისამდე კანცლერი როგორც გერმანიაში, ისე ევროპაში მთლიანად, „ფრთხილი, გააზრებული, შეთანხმებული“ პოლიტიკის გატარებას ახერხებდა. თუმცა, მისმა გადაწყვეტილებამ ამ რაოდენობის ლტოლვილების მიღების თაობაზე, მერკელს, როგორც ჩანს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იმის შეგრძნება, რომ ვითარებაზე კონტროლი დაკარგულია, უფრო და უფრო იზრდება, შენიშნა ანალიტიკოსმა.
მისი აზრით, მერკელი ჯერ კიდევ აკონტროლებს ვითარებას, თუმცა „როდესაც პოლიტიკოსები პანიკაში ვარდნას იწყებენ, ყველაფერი შესაძლებელია“. ავტორი მერკელს დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს ადარებს, რომელსაც ასევე განუდგნენ თავისივე პარტიის წევრები და მას ბოლო მომენტამდე დაუმარცხებლად მიიჩნევდნენ. ტეტჩერის გადადგომამდე წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ მისი კოლეგები მას ასეთი გაშმაგებით აუმხედრდებოდნენ, აღნიშნა სტივენსმა.
ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის გამო მერკელს ბოლო დროს მკაცრად აკრიტიკებენ როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები, ისე საზოგადოება. საზოგადოებრივი კვლევის შესწავლის ცენტრის Forsa–ს მონაცემებით, ქრისტიან–სოციალური კავშირისა და ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის პარტიული ბლოკის რეიტინგი მიგრანტებთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის გამო, ბოლო სამ წელიწადში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა
გამოცემა Deutsche Welle–მ ადრე ყურადღება გაამახვილა გერმანიის კანცლერის ქედმაღლურ დამოკიდებულებაზე მიგრაციულ კრიზისზე თავისი ევროპელი კოლეგების მოსაზრებებთან დაკავშირებით. ამგვარად, ევროპული სოლიდარობიდან, რომელსაც ასე იცავდა კანცლერი, არაფერი აღარ დარჩა, აღნიშნა DW–მ.