თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2"–ის საქმის სასამართლო მოსმენა 2 ნოემბრისთვის გადაიდო, — იუწყება ქართული მედია პარასკევს, 30 ოქტომბერს.
სასამართლო მოსმენის გადადების შუამდგომლობა „რუსთავი 2"–ის ადვოკატებმა დააყენეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დრო არ ეყოთ ექსპერტ შოთა ივანაშვილის დაკითხვის სტენოგრამის შესასწავლად. სწორედ ამ უკანასკნელმა მოამზადა დასკვნა ტელეკომპანიის წილების ღირებულებაზე მისი გაყიდვის მომენტისათვის. შუამდგომლობას მოსარჩელე ხალვაშის ადვოკატებიც დაეთანხმნენ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე „რუსთავი 2"–ის ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრებას ეხებოდა. როგორც ცნობილია, გვარამია მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო დარბაზიდან 19 ოქტომბერს გააძევა. ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.