თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე „რუსთავი 2–ის“ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას არავითარმა გარეფაქტორმა არ უნდა იმოქმედოს, — განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია არხის ქონება და მისი მფლობელების წილები, აგრეთვე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. „რუსთავი 2"–ის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
„არავითარმა გარეფაქტორმა, არანაირმა ვითარებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსამართლეზე. მოსამართლემ უნდა გამოიტანოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
მანამდე უკრაინული მედიით ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ისინი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობაზე საუბრობენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ასამართლო პროცესების პერიოდში.