თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „რუსთავი 2"–ის საქმეზე სასამართლო სხდომა, ტელეკომპანიის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე ურთმელიძემ პარასკევისთვის, 30 ოქტომბრისთვის გადადო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ამ გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
„მიმაჩნია, რომ სხდომა უნდა გადაიდოს. ერთი საათის განმავლობაში თქვენ გადმოგეცემათ დისკი (ექსპერტის სტენოგრამით) და ხვალ 11 საათზე განვაგრძობთ სასამართლო სხდომას“, — განაცხადა ურთმელიძემ.
ტელეკომპანიის ადვოკატებმა შუამდგომლობის საფუძვლად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ოთხშაბათს გვიანობამდე მუშაობდნენ და ვერ მოასწრეს სასამართლოს კანცელარიიდან იმ დისკის მიღება, რომელზეც ექსპერტის ჩვენებებია ჩაწერილი.