თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. „ისლამურმა სახელმწიფომ“ და მის ზურგს უკან მდგომმა ძალებმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკური და კონფესიათაშორისი ვითარების ძირეულად შეცვლა მოახერხეს, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის უშიშროების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ და მის ზურგს უკან მდგომმა ძალებმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკური და კონფესიათაშორისი ვითარების ძირეულად შეცვლა მოახერხეს. თანამედროვე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით მათ ფართო მუსულმანურ ფენებში სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტებისადმი უნდობლობა დანერგეს და ტრადიციული ისლამური ფასეულობები დაამახინჯეს“, – განაცხადა ბორტნიკოვმა დსთ–ის ქვეყნების უშიშროებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს 39–ე სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, „ისლამურმა სახელმწიფომ“, „ჯებჰატ ან–ნუსრამ“ და რიგმა სხვა დაჯგუფებებმა, ერთიანი ძალებით ექსტრემისტული იდეოლოგიის გლობალური მასშტაბით პოპულარიზება და თავიანთი დროშების ქვეშ ახალგაზრდობის გაერთიანება შეძლეს.
„ახალწვეულების მოსამზადებლად სირიასა და ერაყში, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში ქსელია შექმნილი. გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ ფიცი რიგმა რეგიონულმა ტერორისტულმა და ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დადეს, რომლებიც აფრიკიდან და ევროპიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიამდე სივრცეში მოქმედებენ“, – განაცხადა ბორტნიკოვმა.