თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მან ტელეკომპანია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იძულებით დაუთმო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.
ხალვაშის განმარტებით, 2006 წლის 16 ნოემბერს ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რომელმაც მას ტელეკომპანიის დათმობა მოსთხოვა.
„იმ მომენტისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ულტიმატუმი წამიყენა – თუ მსურდა რომ ოჯახსა და ახლობლებს პრობლემები არ შექმნოდათ, უნდა დამეთმო „რუსთავი 2“. მეორე დღეს, 17 ნოემბერს, დიმა ქიტოშვილი (კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი – რედ.) თავის მეგობართან ერთად მოვიდა და „რუსთავი 2“ გადააფორმეს“, – განაცხადა ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხალვაშმა ასევე დაასახელა კონკრეტული თანხის ოდენობა, რის სანაცვლოდაც მას არხის დათმობა მოუწია.
„კომპანიაში, რომელიც უფრო ძვირი ღირდა, მე 300 ათასი ლარი გადამიხადეს. მე კი იგი 7 მლნ 300 ათას აშშ დოლარად ვიყიდე“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
ქიბარ ხალვაში 2005 წელს „რუსთავი 2“–ის 100%–იან წილს ფლობდა, იმავე წლის დეკემბერში კი საკუთარი წილიდან 22% კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ექსმინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა – ბიძინა ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯოე–ტრანსს“ მიჰყიდა, რომლის მფლობელიც ბიძინა ნიჟარაძე იყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილმა მფლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის აგვისტოში ტელეკომპანიის წილების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობას, რომელიც ტელეკომპანიიდან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს.