თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი 2016–2019 წლებში 20 მლნ დოლარს გამოყოფს ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის. შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 26 ოქტომბერს მოეწერა ხელი, —იუწყება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმში „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ მეოთხე პროექტის ფარგლებში ჩატარდება. პროექტს საქართველოს განვითარების მუნიციპალური ფონდი დააფინანსებს, რომელთან შეთანხმების პროექტსაც აზიის განვითარების ბანკმა დღეს, 27 ოქტომბერს მოაწერა ხელი.
„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის “ ფარგლებში, რომელიც საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 2010–2020 წლებში 300 მლნ აშშ დოლარი განსაზღვრა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა სამი პროექტი. პირველი, 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტით გრძელდება თბილისის მეტროს ხაზი, დასრულდა გზის რეაბილიტაცია მესტიაში და ანაკლიის ნაპირდაცვითი სამუშაოების პირველი ფაზა.
მეორე პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 64 მლნ აშშ დოლარი. ამ თანხით ფინანსდება თბილისი–რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია და აგრეთვე მცხეთაში მდინარე არაგვზე ხიდის მშენებლობა.
მესამე პროექტით, რომლისთვისაც დაახლოებით 73 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი, ფინანსდება თბილისი–რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთი და ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშაოების მეორე ფაზა.