თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარკვეულ პრივილეგიებს აწესებს, განიხილა 26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.
რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, ასეთებად ჩაითვლებიან ისინი, რომლებიც წელიწადში მინიმუმ ცხრა თვე ადგილზე ცხოვრობენ და შესაბამისი რეგისტრაცია აქვთ.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე — ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება, — ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მისი ამოქმედების შემდეგ მთის მოსახლეობა მთელ რიგ შეღავათებს მიიღებს.
„ვაპირებთ, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ავუნაზღაუროთ, ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის — სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის — სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც კანონის ამოქმედებისთანავე დაწესდება“, — აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შედის.