თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში დაძაბულობის პერიოდში საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დაუშვას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორშაბათს, 26 ოქტომბერს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ქვეყანაში მიმდინარე ვითარება განიხილა, მათ შორის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებასთან დაკავშირებით, საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა 24 ოქტომბერს აღძრა.
„მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაშია, სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს… მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ და სტრუქტურამ ყველა შესაძლო ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. უმრავლესობის განცხადებები საკმაოდ არაადეკვატურია. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელწიფო გადატრიალების მუხლით სისხლის სამართლის საქმეს იწყებს“, — განუცხადა ჩქოვანმა ჟურნალისტებს.
მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, რომლებიც, თითქოსდა, უახლოეს დღეებში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის დროს, საქართველოში გადატრიალების გეგმას განიხილავდნენ.
საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დაიწყო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება, რასაც საფუძვლად სააკაშვილის გეგმების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაედო. იმავე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი საგარეო საკითხებში გიგა ბოკერია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნილ ვითარებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს და ამისთვის ხელის შეშლის საშუალებას არავის მისცემს.