თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეთქმულებაზე, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან ხელში აგდების მიზნით, ნათქვამია უწყების მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“, —ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. კერძოდ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები.
საქმის დაწვრილებით დეტალებს უწყება არ ახმაურებს.
ამასთან, ქართული მედია აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ უცხოურმა საინფორმაციო პორტალმა wikileaks.center გაავრცელა მათი მტკიცებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ უშიშროების საბჭოს მდივანს შორის საუბრის ჩანაწერის სტენოგრამა. პორტალი ამტკიცებს, რომ საუბარი სტამბულში, ათათურქის აეროპორტის VIP დარბაზშია ჩაწერილი 06:18 და მოსაუბრეები საქართველოში სიტუაციის მოსალოდნელ ესკალაციას განიხილავენ.