თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რის მიღწევასაც, მისი მტკიცებით, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს“
მანამდე ზოგიერთმა უკრაინულმ აგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, სადაც განიხილეს უახლოეს დღეებში, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმები.
„არსებობს პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა. მე გპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არანაირ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. დღეს ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ის ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოზე განადგურებული იქნება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს ხალხის მშვიდ და თავისუფალ ცხოვრებას და არავის მისცემს საშუალებას ხელი შეუშალოს ამას.
შაბათს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება შეთქმულებაზე — სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ექს უშიშროების საბჭოს მდივნის შეხვედრაზე, მეიდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.