თბილისის, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ნატოს კვირეული 25 ოქტომბერს იწყება. მისი ამოცანა მოქალაქეებისთვის ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, აღნიშნულია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.
„2015 წლის ნატოს კვირეული 25 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდება ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა.
დაგეგმილია ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონალური ბიუროს გახსნა ქალაქ გორში.
ნატოს კვირეული 8 ნოემბერს მედია–ტურნირით „ნატოს თასი“ დაიხურება.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართელოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.