თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მედიათავისუფლების საკითხებზე, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს.
„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესმა და ასევე ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულმა წამების ამსახველმა ვიდეოკადრებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. კადრებში, რომელშიც პროკურატურის განმარტებით პოლიციის მაღალჩინოსნები მონაწილეობენ, არაადამიანური წამებისა და მოპყრობის ფაქტებია აღბეჭდილი.
„პრეზიდენტთან ჩვენ იმასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად, რომელიც სახეზეა“, — განაცხადა პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქციის“ ყოფილმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.
გრიგოლიას გარდა, შეხვედრას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, „მაესტროს“ დირექტორი ბაია გაბადაძე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური თოქ-შოუს ყოფილი წამყვანი ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გამართვის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.