„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციიდან კანადის გამოსვლა იმედგაცრუებას ნიშნავს

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადის არჩევნებში გამარჯვებულმა, ლიბერალური პარტიის ლიდერმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც პრემიერ–მინისტრის პოსტს დაიკავებს, განაცხადა, რომ კანადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში მონაწილეობას წყვეტს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ის სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავების საომარ ოპერაციებში მონაწილეობას წყვეტს, კოალიციის ქმედებებში იმედგაცრუებაზე მეტყველებს, მიიჩნევენ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები. 

მანამდე კანადის არჩევნებში გამარჯვებულმა, ლიბერალური პარტიის ლიდერმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც პრემიერ–მინისტრის პოსტს დაიკავებს, დაადასტურა, რომ კანადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმებს წყვეტს. მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან იმსჯელა. ტრიუდომ აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერი დაარწმუნა, რომ კანადა კოალიციის „საიმედო წევრად („ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ) რჩება“, მაგრამ, ამავე დროს, ნათლად მონიშნა ვალდებულებები საომარი ოპერაციების შეწყვეტის თვალსაზრისით. 

კოალიციის მიმართ იმედგაცრუება

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს წევრი, კანადაში რუსეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრ ბელონოგოვი მიიჩნევს, რომ ტრიუდოს განცხადება კოალიციის ქმედებების მიმართ კანადის ახალი ხელისუფლების გარკვეულ იმედგაცრუებაზე მიანიშნებს. „რა თქმა უნდა, შეიძლება ამის ინტერპრეტაცია, როგორც იმედგაცრუება კოალიციის მოქმედებებზე“, – აღნიშნა ექსპერტმა.  

ბელონოგოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კანადის სამხედრო–საჰაერო ძალების სირიასა და ერაყში საომარ ოპერაცოიებში მონაწილების შეწყვეტის თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. „რთულია ამაზე მსჯელობა, რადგანაც ტრიუდოს ჯერ თავისი მთავრობა არ შეუქმნია და კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ არის“, – აღნიშნა სპეციალისტმა. 

ოტავა - Sputnik საქართველო
ტრიუდო: კანადა სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმებს წყვეტს

„ტრიუდო ხომ ასევე ირწმუნება, რომ საუბარი კოალიციიდან კანადის გამოსვლაზე არ არის, არამედ საუბარია კოალიციაში კანადის მონაწილეობის ფორმებზე“, – განაცხადა ბელონოგოვმა და აღნიშნა, რომ აქამდე ოტავის მონაწილეობა ოპერაციებში ტერორისტების პოზიციებზე მცირე რაოდენობის ავიადარტყმებით შემოიფარგლებოდა. 

კანადის ხელისუფლების ნაბიჯებზე აშშ–ის შესაძლო რეაქციაზე საუბრისას ბელონოგოვმა გაიხსენა, რომ, მიუხედავად ვაშინგტონისა და ოტავის განსაკუთრებული და მჭიდრო ურთიერთობებისა, ადრე წინააღმდეგობები მათ შორის ყოფილა. „გავიხსენოთ, რომ სხვა ტრიუდო (პიერ ელიოტ ტრიუდო – კანადის პრემიერ–მინისტრი 1968–1979 წლებში) რიგ შემთხვევებში აშშ–ის კურსის მკვეთრად საწინააღმდეგოდ იქცეოდა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

„აშშ–ისთვის, ბუნებრივია, ეს მტკივნეული თემაა. ის, სავარაუდოდ, თავის მხრიდან ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ამერიკულ–კანადურ ურთიერთობებში კრიზისული ვითარება არ დადგეს“, – დასკვნის სახით განაცხადა ბელონოგოვმა. 

საგანგაშო ზარი

კანადის გამოსვლა ოპერაციების აქტიური ფაზიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის მთლიანობისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, მიაჩნია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის უფროს მეცნიერ–თანამშრომელს ვლადიმირ სოტნიკოვს. „ჩემი აზრით, ამჟამად ასეთი პირდაპირი საფრთხე არ არის. კოალიციაში 60–ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მაგრამ ყველა არ აქტიურობს“, – აღნიშნა ექსპერტმა. 

„ჩემი აზრით, კანადა აშშ–ისთვის არც ისეთი საკვანძო მოკავშირეა, რომ მისმა გასვლამ კოალიციის დაშლა გამოიწვიოს“, – მიიჩნევს ექსპერტი.

 

მიუხედავად ამისა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ სირიაში და მის გარშემო არსებული ვითარების ფონზე ოტავის გადაწყვეტილება კოალიციის ავტორიტეტს აზარალებს. „ეს ვაშინგტონისთვის პატარა საგანგაშო ზარია იმის შესახებ, რომ იმ წარმატებების ფონზე, რასაც რუსული საჰაერო–კოსმოსური ძალები აღწევენ სირიაში, შეიძლება კოალიციის სხვა ზოგიერთ წევრსაც გაუჩნდეს მოსაზრება, რომ კოალიციის ოპერაციებში მონაწილეობას დიდი აზრი აღარ აქვს“,– აღნიშნა ვლადიმირ სოტნიკოვმა.

ოპერაციას აშშ 2014 წლიდან ატარებს მოკავშირეებთან ერთად, რომელთა რიცხვშია კანადაც. ისინი ბოევიკების პოზიციებზე საჰაერო დარტყმებითა და ერაყის მთავრობისა და სირიის „ზომიერი ოპოზიციის“ სახმელეთო ძალების მხარდაჭერით შემოიფარგლებიან. ოფიციალურმა დამასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ კოალიციის ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე დიდი ეფექტი არა აქვს.

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან ახორციელებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე.  ამ დროის განმავლობაში საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა ტერორისტების პოზიციებზე დაახლოებით 750 დარტყმა განახორციელეს, გაანადგურეს რამდენიმე ასეული ბოევიკი, მართვის ათეულობით პუნქტი, საწყობები და სხვა ობიექტები. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს დიდი დანაკარგი აქვთ და ისინი ტაქტიკას ცვლიან, თავიანთ ძალებს დასახლებულ პუნქტებში უყრიან თავს. სირიულ ჯარებთან დაპირისპირების შედეგად ბოევიკებმა დაკარგეს იარაღისა და ტექნიკის დიდი ნაწილი. „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალი დაჯგუფებების ნაწილი საომარი მოქმედებების ზონის დატოვებისთვის მზადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე დაადასტურა, რომ რუსეთის ოპერაციების ვადები სირიაში სირიელი სამხედროების შემტევი ოპერაციებით იქნება შეზღუდული, ასევე გამორიცხა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ბრძოლებში მონაწილეობა.  

 


ყველა ახალი ამბავი
0