ტრიუდო: კანადა სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმებს წყვეტს

© photo: Sputnik / Сергей Субботин / გადასვლა მედიაბანკშიოტავა
ოტავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს კანადამ ახლო აღმოსავლეთში CF-18 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა 2016 წლის მარტამდე ვადით. რეგიონში ასევე ჩავიდა სპეციალური დანიშნულების 70 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციაც ერაყის ჩრდილოეთით ქურთების ფორმირებების მომზადება იყო.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. კანადის არჩევნებში გამარჯვებულმა, ლიბერალური პარტიის ლიდერმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას აპირებს, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებს შეწყვიტოს ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავების სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა. 

ოპერაციას აშშ 2014 წლიდან ატარებს მოკავშირეებთან ერთად, რომელთა რიცხვშია კანადაც. ისინი ბოევიკების პოზიციებზე საჰაერო დარტყმებითა და ერაყის მთავრობისა და სირიის „ზომიერი ოპოზიციის“ სახმელეთო ძალების მხარდაჭერით შემოიფარგლებიან. 

მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ტრიუდომ განაცხადა, რომ ეს თემა სამშაბათს აშშ–ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან განიხილა და მას ოპერაციებში კანადის მონაწილეობის სავარაუდო ცვლილებების შესახებ აცნობა. 

როგორც ტრიუდო ამბობს, მან დაარწმუნა ამერიკის ლიდერი, რომ კანადა კოალიციის „საიმედო წევრად („ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ) რჩება“, თუმცა იქვე ნათლად მონიშნა „ის ვალდებულებები, რომლებიც საომარი ოპერაციების თვალსაზრისით“ გააკეთა, — ციტირებს პოლიტიკოსის სიტყვებს სააგენტო „ფრანს პრესი“.

ტრიუდოს არ დაუზუსტებია, როდის განხორციელდება ეს გადაწყვეტილება და ან ამის შემდეგ რა როლს შეასრულებს კანადა კოალიციაში.

როგორც სააგენტო იუწყება, გასულ წელს კანადამ ახლო აღმოსავლეთში CF-18 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა 2016 წლის მარტამდე ვადით. რეგიონში ასევე ჩავიდა სპეციალური დანიშნულების 70 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციაც ერაყის ჩრდილოეთით ქურთების ფორმირებების მომზადება იყო. 

საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრიუდო ახლო აღმოსავლეთიდან CF-18 ტიპის საბრძოლო გამანადგურებლების გამოწვევისა და საომარი ოპერაციის შეწყვეტის წინადადებით გამოდიოდა. ის ამომრჩეველს ასევე დაჰპირდა, რომ რეგიონში კანადელ სამხედრო ინსტრუქტორებს დატოვებდა.

კანადის ლიბერალურმა პარტიამ, ტრიუდოს ხელმძღვანელობით, ორშაბათს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა მიიღო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0