თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სარჩელი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ სასაქონლო ნიშნის (ლოგო) სხვა კომპანიისთვის უანგაროდ გადაცემას ეხება, სასამართლოში „მაესტროს“ თანამფლობელმა, პოპულარულმა მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) შეიტანა, იუწყება ქართული მედია.
სარჩელში საქმე ტელეარხის სასაქონლო ნიშანს – სიტყვა „მაესტროს“ ეხება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესრულებული. ეს ნიშანი 2014 წელს, მედიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამინდელმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანია „ტელევიზია მაესტროს“ გადასცა, რომლის დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძეც ტელეარხ „მაესტროს“ ადრინდელ მფლობელთან, მამუკა ღლონტთან დაახლოებული პირია.
„დაახლოებით ერთი თვის წინ („ტელევიზია მაესტრომ“) კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ავტორიზაცია გაიარა. ჩანს, მათ „მაესტროს“ გაძარცვა უნდათ… და ამის მერე უკვე მაუწყებლობის დაწყებას შეძლებენ“, – გაჩეჩილაძის ადვოკატის ირაკლი კორძახიას სიტყვებს ქართული მედია ციტირებს.
ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ თავისი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
„მაესტროს“ ბავშვობიდან ვუყურებდი, რომლის ლოგოტიპი და შინაარსი მამუკა ღლონტმა მოიგონა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ბაჩო კიკაბიძემ გააკეთა. დიახ, მე მათ ლოგოტიპზე უფლება გადავეცი. თუ დანაშაული ჩავიდინე, არ ვიცი, რა სასჯელი მოჰყვება ამას, იმედი მაქვს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, დავაბრუნებთ ამ ლოგოს და „მაესტროში“ შევინახავთ“, – განაცხადა ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ეს პირველი უკმაყოფილება არ არის, რომელსაც გაჩეჩილაძე ტელეარხის სხვა მფლობელების მიმართ გამოხატავს. ერთი თვის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ თანამფლობელები განზრახ გაკოტრებაში დაადანაშაულა.
ტელეარხის მფლობელთა ნაწილი თბილისის სასამართლოში „მაესტროს“ გადახდისუუნაროდ აღიარებასა და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს.
სტუდია „მაესტრო“ 1995 წელს შეიქმნა. ის ეთერში სახელმწიფო ტელევიზიის პირველ და მეორე არზებზე გასართობი გადაცემებით გადიოდა. 2001 წელს სტუდია „მაესტრო“ საქართელოში პირველ მუსიკალურ–გასართობ არხად გადაიქცა. არხი ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, შემდეგ კი ტელეარხ „ევრიკას“ საეთერო დროით სარგებლობდა.
2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ტელეარხი გახდა. 2009 წლის დასაწყისში ის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული არხი გახდა. ამავე წლის გაზაფხულზე „უცნობის“ ტელეშოუ „კამერა №5“ ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა.
2011 წელს, „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და კომპანია „რუსთავი მედიას“ მმართველს შორის კონფლიქტის გამო, „მაესტროს“ ტელეჟურნალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ – ეთერში ამავე დასახელების რადიოს სტუდიიდან გადიოდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „მაესტროს“ მაუწყებლობა გათიშული იყო.