თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, ორშაბათს, 19 ოქტომბერს, სასამართლო დარბაზიდან გააძევა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მოსამართლესა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც გვარამიას გაძევების მიზეზი გახდა.
"ბატონი ნიკა არღვევს წესრიგს, შეურაცხყოფს სასამართლოს დემონსტრაციულად, და მე მინდა, გავაძევოთ დარბაზიდან. ბატონი ნიკა გვარამია გაძევებულ იქნას დარბაზიდან. გაიყვანეთ, ბატონებო", — მიმართა მოსამართლემ მანდატურებს.
გვარამია თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მოსამართლისთვის დისკომფორტს წარმოადგენს გვარამიას სასამართლო დარბაზში ყოფნა.
"როგორც ჩანს, მოსამართლისთვის არ იყო ჩემი იქ ყოფნა საჭირო, იმიტომ რომ დისკომფორტს წარმოადგენს ჩემი იქ ყოფნა და საერთოდ, თავისუფალი მედია წარმოადგენს დისკომფორტს მისთვის. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს პროცესზე, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას“, — განაცხადა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" —ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო ტელეარხის ქონებასა და მის მფლობელთა წილებს, ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია არა ერთხელ გახდა ახალი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ამჟამად მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ დაადანაშაულა ტელეკომპანია სიცრუეში.
მიუხედავად მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ იგი კვლავ, უკვე კულისებიდან, განაგრძობს ქვეყნის მართვას.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილმა დააარსა და 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა.