მოსამართლე ურთმელიძე დედას ოჯახის წევრად არ მიიჩნევს

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თამაზ ურთმელიძის თვითაცილება მოითხოვეს, მისი არაობიექტურობის მიზეზით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, ორშაბათს 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი დედა, მდინარა გიორგობიანი მისი ოჯახის წევრად არ ითვლება. 

 გასულ კვირას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი მფლობელების დავის განმხილველი მოსამართლის,  თამაზ ურთმელიძის დედა, ეჭვმიტანილია მისი სიძის მკვლელობის მცდელობაში და პროკურატურა მანიპულირებს ამ ფაქტით. თავის მხრივ საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაში დასდო ბრალი. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პროკურატურა აღნიშნავს, რომ ურთმელიძის დედის მიმართ ნამდვილად იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არა მკვლელობის მცდელობისათვის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, მისი სიძის ვალერიან სილაქაძის მიმართ. 

 „გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად. ამ სამართლებრივი მოცემულობისგან დისტანცირებული ვიყავი, ამ საქმეში ადვოკატიც კი არ იყო ჩართული. საქმე განრიდების ინსტრუმენტის საფუძველზე უნდა დასრულებულიყო. მე ეს საკითხი, ზოგადად, დასრულებულიც კი მეგონა“, — განაცხადა მოსამართლემ სხდომის მსვლელობისას. 

თამაზ ურთმელიძე - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმეს კვლავ მოსამართლე ურთმელიძე წარუძღვება

 ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა, „რუსთავი 2“-ის  საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თამაზ ურთმელიძის თვითაცილება მოითხოვეს, მისი არაობიექტურობის მიზეზით. ურთმელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა შესაბამისი მტკიცებების არქონის მოტივით. 

 გამოძიებამ დაადგინა, რომ ურთმელიძის დედამ, მდინარა გიორგობიანმა 2014 წლის იანვარში სიძე ცულით დაჭრა. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოჯახური კონფლიქტი იყო, გამოძიებამ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის დრო მისცა. 

 მიუხედავად იმისა, რომ მდინარა გიორგობიანი 75 წლისაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება უჭირს, სიძე არ დათანხმდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. 2015 წლის 24 სექტემბერს სილაგაძე დაზარალებულ მხარედ ცნეს, ხოლო 12 ოქტომბერს გიორგობიანს ბრალი წაუყენეს. 

 მდინარა გიორგობიანისთვის აღკვეთის ზომა არ შეურჩევიათ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული არანაირი საფუძველი. პროკურატურაში განაცხადეს, რომ რამდენადაც ძიება პრაქტიკულად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში გადაეცემა სასამართლოს არსებითი განხილვისთვის და ეს ფაქტი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას ადასტურებს. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0