თბილისი, 17 ოქტომბერი —Sputnik.მსხვილი ამერიკული კომპანიები, პირველ რიგში, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით უნდა დაინტერესდნენ, — მიაჩია ეკონომისტ მიხეილ დონდუას.
„მსხვილი ამერიკული კომპანიები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ საქართველო ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე ტრანზიტის თვალსაზრისით“, –აღნიშნა ეკონიმისტმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტორებისთვის, საქართველო მიმზიდველი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გამოც, შეიძლება იყოს.
„საქართველო, რომელსაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებული ევროკავშირთან, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირებისათვის, რადგან ადგილზე წარმოების დანახარჯების დაბალი დონე და ევროკავშირის მიმართულებით გახსნილი ბაზრების პერსპექტივა, ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის“, –მიაჩნია მიხეილ დონდუას.
ეკონომისტის აზრით, ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ადგილზე პროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, სატყეო მეურნეობის განვითარებას, საპორტო აქტივობებს და გადაზიდვებს უკავშირდება, საქართველოში ძალიან მომგებიანია. შესაბამისად, აშშ–ს კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მომგებიანი პროექტების დაფინანსებაზე და თანამონაწილეობაზე, რა თქმა უნდ, ამ შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. გარდა ამისა, საქართველოში მუშახელიც საკმარისად იაფია.
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ მერიკულმა კომპანიებმა საქართველო უნდა აღმოაჩინონ. ბრიუს ენდრიუსმა (Bruce Andrews) ამერიკულ კომპანიათა შორის საქართველოს პოპულარიზაციის თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან იმსჯელა.
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე თბილისში, დელეგაციასთან ერთად, აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ახალ აბრეშუმის გზაზე და მისი წარმატების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინონ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც საქართველოსაც ეხება და აშშ-საც. ეს ძალიან პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრა იყო“, — განაცხადა ენდრიუსმა.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ინიციატივით პრემიერი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა. ფორუმი, რომლის ამოცანაცაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ადამიანთაშორის ურთიერთობების სფეროებში ახალი იდეების ძიებას ეძღვნება.
ფორუმში, რომელიც 16 ოქტომბერს დასრულდა, 31 ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და ასევე სამასამდე მსხვილი ჩინური კომპანია.