თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანიისა და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება საღ აზრს ეწინააღმდეგება, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო 16 ოქტომბერს ტელეკომპანია და ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს.
მხოლოდ ინტელექტისა და საღი აზრის ატროფიად შემიძლია, ჩავთვალო ის, რომ დღეს როდესაც ამ დარბაზში ვმსჯელობთ თავისუფალი მედიის შესახებ რეზოლუციაზე, თქვენ იჭერთ სტუდენტებს და ტაბულას დირექტორს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაზპრომის წინააღმდეგ პოსტერებს აკრავდნენ," — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები განიხილავდნენ პარლამენტის განცხადების პროექტს „ მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ“.
მანამდე, საქართველოს ხელისუფლების მიერ „გაზპრომთან“ გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, „ტაბულას“ წარმომადგენლებმა 17 ოქტომბრისათვის საპროტესტო აქცია დაგეგმეს ლოზუნგით — „გაზპრომი — თავისუფლების გაზის კამერა“.
თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც საქართველოს ექს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლეა, ორ მოქალაქესთან ერთად იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობასთან პლაკატებს აკრავდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მათ ბრალად ედებათ „თვითმმართველი ერთეულის გარეგნული იერსახის დამახინჯება“