თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ვიზიტით მყოფმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ (Fatou Bensouda) განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტისას ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა შესაბამის ნებართვას ელოდება.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს ამ საქმის ავტორიზაციის თხოვნით მივმართე. გამოძიების დაწყებამდე თავისუფალი მოსამართლეებისგან ამის უფლება უნდა მივიღო; იმ მოსამართლეებისგან, რომელთაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი ნიშნავს“, — განუცხადა პროკურორმა ბენსუდამ ჟურნალისტებს პარასკევს, 16 ოქტომბერს.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო შეთანხმების, რომის სტატუტის დაცვა, რომლის წევრიცაა საქართველო.
„საქართველო რომის სტატუტის წევრი-ქვეყანაა და შესაბამისად, ნებისმიერ იმ დანაშაულზე, რომელიც მის ტერიტორიაზეა მომხდარი, ჩვენ გვექნება გამოძიების დაწყების იურისდიქცია“, — აღნიშნა პროკურორმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან და მთავარ პროკურორთან, გიორგი ბადაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაც დაგეგმა.
„მთავარია სამოქალაქო საზოგადოებასთან გასაუბრება. მით უმეტეს, თუ (2008 წლის კონფლიქტის) მსხვერპლთა კანონიერი წარმომადგენლები ან თავად დაზარალებულები იქნებიან წარმოდგენილები იმისათვის, რომ მათ მსხვერპლთა უფლებებზე ინფორმაცია მივაწოდოთ… გარკვეული დროის მანძილზე მე მექნება შესაძლებლობა, ღრმად გავეცნო საკითხს და შევისწავლო იგი“, — თქვა პროკურორმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.