თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ შესაძლოა ყოფილ მფლობელს დაუბრუნოს. მეტი საფრთხე ტელეკომპანიას არ ემუქრება, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარასკევს, 16 ოქტომბერს.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს არაფერი ემუქრება იმის გარდა, რომ სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტლება და დაუბრუნოს მფლობელს ის, რაც მას ეკუთვნის. თუმცა, შესაძლოა სასამართლომ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც მიიღოს. ასეთი აჟიოტაჟი არის სასამართლოსა და მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა“, — განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
პარასკევს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა განაგრძეს უმცირესობის მიერ მომზადებული „მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით“ განცხადების პროექტის განხილვა.
გუშინ დოკუმენტზე მსჯელობა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერა განცხადების პროექტს.
განცხადებაში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ შეწყდეს მთავრობის ზეწოლა „რუსთავი 2"-სა და მასმედიის სხვა საშუალებებზე.