პარლამენტმა მედიაზე ზეწოლის თაობაზე ოპოზიციის განცხადება განიხილა

© facebook.com/Margvelashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარებისა“ და „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ - მიერ მომზადებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა განიხილეს განცხადების პროექტი „მედია-საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეარხის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეკვეთად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. 

„საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ზე და სხვა მედია საშუალებებზე განხორციელებული, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–სა და სხვა მედია საშუალებების მიმართ“, — ნათქვამია პროექტში.  

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: „რუსთავი 2“–ის დახურვის შემთხვევაში, რეაქცია მწვავე იქნება

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — რეგიონების“ — მიერ მომზადებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას. 

„აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების აშკარად კოორდინირებული მოქმედება საფრთხეს უქმნის მის არსებობას, უაღრესად დიდ ზიანს აყენებს მედია პლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და შესაბამისად, ქვეყნის ევროპულ ატლანტიკურ ინტეგრაციას“, — აღნიშნულია დოკუმენტში. 

პროექტის განხილვას მწვავე დებატები მოჰყვა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ეთანხმებიან განცხადების ტექსტს. 

„ხელისუფლების ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის გააჩეროს ან შეაჩეროს „რუსთავი 2“, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ“, — განაცხადა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ სხდომაზე. 

დოკუმენტის განხილვა პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. გასულ კვირაში განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის კომიტეტემა მხარი არ დაუჭირეს უმცირესობის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს. 


ყველა ახალი ამბავი
0