თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა დატოვა, რისი მიზეზიც ბულგარეთსა და თურქეთს შორის საზღვართან ახლოს, ქალაქ სრედეცის რაიონში, ლტოლვილების მონაწილეობით მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაცია გახდა. ამის შესახებ სააგენტო БТА იუწყება.
შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბულგარელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დაახლოებით 40 ავღანელის შეჩერება სცადეს. ზოგიერთი მათგანი შეიარაღებული იყო. სროლის დროს ერთ–ერთი მიგრანტი დაიღუპა.
ბულგარეთმა 17 სექტემბრიდან ლტოლვილების არალეგალური გადამყვანების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა. ქვეყნის ხელისუფლებამ ასევე პოლიციის ძალებს საზღვრის დაცვაც დაავალა, დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები და გადამცემები, თურქეთთან საზღვრის 160 კილომეტრიანი მონაკვეთი ბარიერებით აღჭურვეს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთთან საზღვარზე 50 სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული. ბულგარეთის არმიას სასაზღვრო ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია.