თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო კონფლიქტების ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაკადის გაზრდა ახალი ომის საშიშროებას ქმნის, განაცხადა საექსპერტო კლუბ „დალილ პლუსის“ ანალიტიკოსმა მარს სარიევმა სპუტნიკი–ყირგიზეთთან საუბრისას.
ევროსტატის მონაცემებით, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადები ევროპისკენ სირიიდან, ავღანეთიდან და კოსოვოდან მიედინება. სწორედ ამ ქვეყნებში ატარებდნენ აშშ და მისი მოკავშირეები სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციებს.
2008 წლის შემდეგ ევროპისკენ ლტოლვილთა ნაკადი თითქმის გასამმაგდა. ევროსტატის მონაცემებით, ლტოლვილთა 72% მამაკაცია, დარჩენილი 28% კი ქალი. ლტოლვილთა მთელი რაოდენობის თითქმის ნახევარი — ეს 14–დან 34 წლამდე მამაკაცია.
სარიევის აზრით, ის ადგილები, საიდანაც ლტოლვილთა მძლავრი ნაკადებია დაძრული, ასე თუ ისე არის სამხედრო კონფლიქტების ზონები.
„რა თქმა უნდა, ლტოლვილები ადრეც მოდიოდნენ, მაგრამ ახლა მათი მასობრიობა და კატეგორიებია სახიფათო. კლასიკური გაგებით ლტოლვილები — ეს ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში კი სრულიად სხვაგვარ ნაკადს ვაწყდებით — ეს ჯანმრთელი, ახალგაზრდა მოსახლეობაა, თანაც, გადახდისუნარიანი. მათ ხომ არცთუ ისე მცირე თანხა გადაუხადეს კონტრაბანდისტებს, რომ საკუთარი ქვეყნებიდან გამოეყვანათ“, — ამბობს სარიევი.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა ლტოლვილს აქვს გამოკვეთილი მიზანი და მარშრუტი — გერმანიაში ჩასვლა, სადაც საცხოვრებლად სხვა, აყვავებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ყველაზე უკეთესი პირობებია და ასევე საუკეთესო სოციალური პაკეტი არსებობს.
„მაგრამ მასობრივი საინფორმაციო ხმაური, რომელიც მედიამ ამ თემის გარშემო ატეხა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ნაკადებს ვიღაც ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს პროგრამულ მიდგომასთან, რომელიც ევროპაში დესტაბილიზაციის მზადებისკენაა მიმართული, კერძოდ კი გერმანიისა“, — განმარტავს ანალიტიკოსი.
მისი აზრით, კონტინენტური ევროპის დესტაბილიზაციით დაინტერესებულებს ორი მიზანი ამოძრავებთ — ადგილი მიუჩინონ გერმანიას და მოახდინონ უკრაინის კონფლიქტის ახალი ესკალაცია.
პირველი: გერმანიის აღორძინება და მისი პრეტენზიები ევროპისა თუ მსოფლიო ლიდერობაზე აშკარად ვიღაცას აღიზიანებს ოკეანის გადაღმა და არც შეესაბამება აშშ–ს მიერ აგებულ მსოფლიო კონსტრუქციას. ხოლო ბებერ კონტინენტზე დამატებითი პრობლემების შექმნით შეერთებული შტატები მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის, როგორც ამერიკის სატელიტისთვის, დადგენილ როლს შეახსენებს.
„ასეთი ტენდენცია აშკარად ხელსაყრელია მსოფლიო ოლიგარქატისთვის, რომლის წყნარ, ოკეანისმიღმა ნავსაყუდელში არასტაბილური ევროპიდან ფინანსური ნაკადები შედინდება“, — აცხადებს სარიევი.
სამაგიეროდ, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ასეთი ვითარება ხელს არ აძლევს რუსეთს, რომელმაც შესაძლოა სტაბილური პარტნიორი დაკარგოს. ამიტომ, თავის მხრივ, უნდა ისარგებლოს ვითარებით და საკუთარი თამაში წამოიწყოს, რათა ვაშინგტონის გეგმები ჩაშალოს.
სარიევმა ისიც აღნიშნა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა, ბუნებრივია, გაზრდის ლტოლვილთა ნაკადს. და ეს ევროპას, რომელიც ჯერჯერობით გულღიად ხვდება ლტოლვილებს, „გამოაფხიზლებს“. გერმანიას მოუწევს მოილაპარაკოს კრემლთან ნაკადის დარეგულირების თაობაზე, ხოლო სირიის კრიზისის გადაჭრის შემდეგ — მათ სამშობლოში დაბრუნების თემაზეც იმსჯელოს.
მეორე: ლტოლვილთა ბრძოლისუნარიანი კონტინგენტის ევროპაში დაფუძნებიდან ხუთიოდე წლის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მოსამზადებელ ბანაკებში მათი შეტყუება იმ მიზნით, რომ უკრაინაში კონფლიქტის ახალი ესკალაციის მოსახდენად გაგზავნონ.
„მათ უბრალოდ საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი ლტოლვილი „ახლოდან იცნობს იარაღს, ისინი შესაძლოა სერიოზულ ძალადაც კი იქცნენ ახალ ჰიბრიდულ ომში“, — მიაჩნია სარიევს.
ანალიტიკოსის აზრით, ყველაფერი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად კეთდება, რომლის ეკონომიკური კეთილდღეობაც სხვა ქვეყნებში სამხედრო მოქმედებებს ეფუძნება — ასეთია მათი სისტემა. ამიტომ თეთრ სახლს ჰაერივით ესაჭიროება ლოკალური, არაბირთვული, პერმანენტული კონფლიქტები, რომლებიც კიდევ ერთი მსოფლიო კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, ასკვნის სარიევი.