თბილისი 14 ოქტომბერი — Sputnik. 15-16 ოქტომბერს თბილისში ფორუმი “აბრეშუმის გზა“ გაიმართება. ფორუმის ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში.
ფორუმი, რომლის დევიზია „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“, ახალი იდეების მოძიებას და თანამშრომლობას ემსახურება აბრეშუმის გზის გასწვრივ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ადამიანური ურთიერთობების სფეროში.
ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
„აბრეშუმის გზა“, რომელიც უძველესი სავაჭრო გზაა, საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით. ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი აბრეშუმის გზის შექმნის იდეა, 2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა წამოაყენა.
განახლებული აბრეშუმის გზის მშენებლობის ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, შეიქმნა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკი. ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულებას, რომლის კაპიტალი 500 მილიარდი დოლარი იქნება, პეკინში 28-29 ივნისს მოეწერა ხელი.
ამ დროისათვის აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ყავს. საქართველო ბანკის დამფუძნებელი 45-ე ქვეყანაა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის 2015 წლის მარტში ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობაზე „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ განვითარების მიზნით, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად გადაქცევას გულისხმობს. გარდა ამისა, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მის ჩინელ კოლეგასთან ლი კექიანგთან (Li Keqiang) შეხვედრის შედეგად.