თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სასამართლოს მოქმედება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების საქმეში საქართველოს ინტერესებში შედის, განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
ფატუ ბენსუდას ინიციატივით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი2008 წელს შეიტანა და რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.
„ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის ამ საქმის ობიექტური გამოძიება. თუმცა, ვეჭვობ, რომ რუსეთი საერთაშორისო გამოძიებას დახმარებას გაუწევს“, — განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას (Fatou Bensouda) განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2008 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულები საქართველოს ამ ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილი იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ქართულენოვანი მოსახლეობა 75%-ით შემცირდა, აღნიშნა მან.
მანამდე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია იმაში, რომ საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაადგინოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი. სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა. რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 2014 წლის აპრილში უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას მისცა რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საწესდებო დოკუმენტების რატიფიცირება.