თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა, — კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, იაო ციანგს, აშშ-ევროპის გენერალურ მენეჯერს იე ჰაოლინგს და საზღვარგარეთის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტ დინ ჭენგუოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
სამთავრობო კომისიამ 2015 წლის ივნისში ანაკლიაში პორტის მშენებლობასა და ოპერირებაში დაინტერესებული 12 მსხვილი ონსორციუმიდან 2 შეარჩია — JSC Anaklia Development Consortium (Georgia) და კონსორციუმი Anaklia Port And Industrial Eco Park и POWERCHINA.
მანამდე კონკურსის შედეგების გამოქვეყნება სექტემბერში იგეგმებოდა, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა ოქტომბრის ბოლოსათვის გადაიდო. საქართველოს მთავრობამ ახალი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისათვის 2014 წლის აგვისტოში გამოაცხადა.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ პოტენციალს, ასევე ქვეყანაში არსებულ თავისუფალ და გამჭვირვალე ბიზნეს-გარემოს, იტყობინება პრესსამსახური.
POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში — Top 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.