კონსორციუმი, რომელიც ანაკლიაში პორტს ააშენებს, სექტემბრამდე გამოვლინდება

გამოწერა
ანაკლიაში პორტის აშენებითა და ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით დაინტერესებული 12 მსხვილი კონცორიუმიდან შერჩეულია ორი. მათ შორის გამარჯვებული სექტემბრამდე გამოვლინდება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კონსორციუმი, რომელიც ანაკლიაში მრავალფუნქციურ, ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს, 2015 წლის სექტემბრამდე გამოვლინდება, განუცხადა ჟურნალისტებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ანაკლიაში პორტის აშენებითა და ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით დაინტერესებული 12 მსხვილი კონცორიუმიდან შერჩეულია ორი. მათ შორის გამარჯვებული სექტემბრამდე გამოვლინდება.

კვირიკაშვილის თქმით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება.

 „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. პროექტი მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ტრანზიტულ პოტენციალს. დასაქმდება ბევრი ადამიანი არამხოლოდ სამეგრელოში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მასშტაბი შეიცვალა – მასში საქართველოს ტრანზიტული პოტენცილით ჩინეთის დაინტერესებაცაა გათვალისწინებული.

მისი თქმით, პორტის განვითარების პირველ ეტაპზე დაგეგმილია გამავლობის გაორმაგება, ხოლო 3 ეტაპის რეალიზაციის შემდეგ გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამავლობის უზრუნველყოფა.

 „ჩატარდება კვლევები მიზანშეწობილობაზე, რომელთაც საერთაშორისო კომპანიები შეასრულებენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება უზრუნველყოს პორტის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური უწყების მონაცემებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტვირთბრუნვამ წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს. მშენებლობა რამდენიმე ფაზად უნდა განხორციელდეს – პორტის სიმძლავრის ზრდის შესაბამისად.

 „როდესაც პორტის არსებული ტვირთბრუნვა პორტის გამავლობის 90%–ს მიაღწევს, კომპანია ვალდებული იქნება პორტის მშენებლობის მომდევნო ეტაპზე გადავიდეს. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რომ ინვესტორ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის“, – განაცხადეს საქართველოს ეკონომიკურ უწყებაში.


ყველა ახალი ამბავი
0