თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ კომერციული აირის შესყიდვაზე მიმდინარეობს, — განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, 12 ოქტომბერს.
მინისტრმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით გაზსადენით სომხეთისთვის ტრანზიტის რაოდენობის გაზრდასა და ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისთვის მიწოდების შესაძლებლობებზე აწარმოებს.
„აქ საუბარია კომერციულ გაზზე. თქვენ იცით, რომ გაზის ბაზარი საქართველოში თავისუფალია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წავიდეს თურქეთში, ირანში, რუსეთში, სომხეთში და მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს გაზი“, — განაცხადა კალაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში გაზის შესყიდვაზე მაღალი ტარიფებია.
„დღეისათვის გაზგასამართ სადგურებზე გაზის შესყიდვის ფასი სხვადასხვაგვარია, ის ათას კუბურ მეტრზე 190 აშშ დოლარიდან იწყება და 315 აშშ დოლარს აღწევს. 315 აშშ დოლარი კი ძალიან მაღალი ფასია, როგორიც არსადაა მთელ ევროპაში“, — აღნიშნა კალაძემ.
სექტემბრეში „გაზპრომის“ დირექტორმა ალექსეი მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიუსელში გაზის სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხებოდა საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის შემოტანასა და მესამე ქვეყნებში მის ტრანზიტს.