თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშს-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხვის შედეგები ასახავს საქართველოში არსებულ უარყოფით რეალობას, — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.
კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში 8 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესება დააფიქსირა რესპონდენტთა 43%-მა, ხოლო გაუმჯობესება — 9%-მა. ცხოვრების პირობები არ შეცვლილა საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის, ხოლო 1%-მა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის.
„კვლევა ასახავს… იმ ნეგატიურ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მოსახლეობის 43%-სთვის ცხოვრება გაუარესდა. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“, — განუცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.
ოპოზიციის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობას მაშინ, როცა შეთანხმებული და 24 საათიანი მუშაობაა აუცილებელი, ამ დრომდე არ აქვს კრიზისის დაძლევის გეგმა.
NDI- მ წარმომადგენლობითი შერჩევისა და პირდაპირი გამოკითხვის წესით 4 ათას 448 ადამიანი გამოკითხა, ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.
NDI-ს კვლევებს საქართველოში საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის შვედური სააგენტო (SIDA) აფინანსებს, ხოლო გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აწარმოებს.