თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთმა, შესაძლოა, საქართველოს გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ გადასცეს, — ვარაუდობს სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე საფრანგეთი იზრუნებს.
„საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პერიოდში. მერე გაგრძელდა მინდია ჯანელიძის დროს, ხოლო ხელმოწერის ფაზაში მოქმედი თავდაცვის მინისტრის, თინათთინ ხიდაშელის პერიოდში შევიდა. თუ რა სახის თანამშრომლობაზეა კონკრეტულად საუბარი ორ ქვეყანას შორის, საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ფრანგულ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აქ საუბარი უნდა იყოს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებების შესყიდვაზე. პირველ რიგში, მობილურ რადიოლოკაციურ სადგურზე და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე. არ კონკრეტდება, თუ რომელი სარაკეტო სისტემა შეიძლება იქნას შესყიდული, მაგრამ წარმოიქმნება გონივრული ეჭვი რამდენიმე მათგანზე, მათ შორის — „მისტრალის“ ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო სისტემებზე. თუმცა, ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს“, –აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მიღწეული შეთანხმება 2016 წლის დასაწყისში უკვე ხორცს შეისხამს და რეალურად, საფრანგეთის მიერ მოწოდებული ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები ნელ–ნელა ჩადგებიან ქართული ცის სადარაჯოზე.
სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორის თქმით, საქართველომ თავდაცვის საშუალებები 2006–2008 წლებშიც შეისყიდა.
"ზოგი იქნა გამოყენებული აგვისტოს ომის დროს მეტნაკლები ეფექტურობით, ზოგიც ვერ იქნა გამოყენებული — ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. საერთო ჯამში, საჭიროა, რომ შეიქმნას მთლიანი საჰაერო სივრცის კონტროლისა და თავდაცვის ერთიანი სისტემა. პირველ რიგში, უნდა აღმოაჩინო მოწინააღმდეგის საჰაერო მფრინავი ობიექტი, იქნება ეს თვითმფრინავი, ფრთოსანი რაკეტა თუ უპილოტო სადაზვერვო საშუალება. შემდეგ მოახდინო მისი მიზანში აღება და დაზიანება ან საზენიტო რაკეტებით, ან საზენიტო არტილერიის საშუალებით“, –განმარტა სამხედრო ექსპერტმა.
ირაკლი ალადაშვილის აზრით, საჰაერო თავდაცვის სისტემა არის ის, რაც საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა, სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება, რადგან ყველა თანამედროვე ომები და თავდასხმები საჰაერო შეტევით იწყება.
„ჩვენ ეს გამოვცადეთ არა მარტო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არამედ მანამდეც, წინა საუკუნის 90 –იან წლებში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და მერეც, ჩრდილოკავკასისდან რომ შემოდიოდნენ რუსული თვითმფრინავები და ბობმავდნენ შატილს, პანკისს და ა.შ. ასე რომ, საჰაერო თავდაცვა გარკვეულ მომენტში, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, ვიდრე, მაგალითად, იგივე ტანკი ან ჯავშანტექნიკა“, –განაცხადა ალადაშვილმა.
საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე, არსებითი პაკეტის ფარგლებში, იზრუნებს და საჰაერო სივრცის დაცვის გაუმჯობესებისთვის საქართველოში ექსპერტებს მოავლენს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ფრანგი კოლეგის დასტური, იმ აქტიური თანამშრომლობის და პრაქტიკული შედეგების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც უახლოეს წარსულში ორ ქვეყანას ჰქონდა.