თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მზის პანელები კონკურენტუნარიანი მხოლოდ მიუვალ სოფლებში, ეკლესია–მინასტრებსა და დაცულ ტერიტორიებზეა, რადგან მათი დამონტაჟება ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანაზე იაფი ჯდება–ამის შესახებ კომპანია „მზის სახლის“ დირექტორმა კოტე კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 450 მზის პანელი გვაქვს დაყენებული. სისტემებს, ძირითადად, იქ ვამონტაჟებთ, სადაც ელექტროენერგია არ არის, მიუვალ სოფლებსა და მონასტრებში. იმ პირობებში ეს ენერგოდანადგარები კონკურენტუნარიანია, რადგან ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა უფრო ძვირი ჯდება“, –აღნიშნა კოტე კობახიძემ.
„მზის სახლის“დირექტორის თქმით, ორი ტიპის მზის ენერგოდანადგარები არსებობს: არის კოლექტორები, რომელთა მეშვეობითაც მიიღება ცხელი წყალი, და მზის პანელები, რომელებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.
რაც შეეხება მზის პანელების ფასებს, 1 კილოვატი სიმძლავრის სადგურის დამონტაჟება 2 000 დან 3 000 დოლარამდე ჯდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე, მზის პანელები მოეწყობა.მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ამ თაობაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის პანელების დამონტაჟება ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას "მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ამ მხრივ დიდი რესურსი გააჩნია.
„საქართველოში, დაახლოებით, 300 დღე მზიანია.თბილისშიც მსგავსი პროექტის განხორციელება — ძალიან კარგი იდეაა და ეს „მწვანეების“ მრავალწლიანი მოთხოვნა იყო“,–თვლის რუსუდან სიდამონიძე.
"მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სათანადო საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და ხელისუფლებას, პირველ რიგში, მუშაობა ამ მიმართულებით მოუწევს.