თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პირველი საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის მასშტაბით ყველისა და რძის პროდუქტების დარგში — „კავკასიური ყველი 2015“ გაიხსნადღეს თბილისში.
ფესტივალზე წარმოდგენილია: საქართველოს ყველა რეგიონი -მათ შორის ოსური და აფხაზური ყველი; ყველის ინდივიდუალური მწარმოებლები და მსხვილი საწარმოები, „ მონასტრის ყველი“; ყველის მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან.
სტუმრის რანგში ფესტივალში მონაწილეობას იღებენ — თურქული და ებრაული დელეგაციები.
ყველის ორ დღიანი დღესასწაული, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიაა, თბილისის ცენტრში, რიყის პარკში მიმდინარეობს.
„აღნიშნული ფესტივალით საქართველო შეძლებს, აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი — დაიმკვიდროს კუთვნილი ნიშა ყველის მსოფლიო ბაზრებზე“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ღონისძიების პროგრამაშია ასევე შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. საუკეთესო კულინარებს ფესტივალის სტუმრები გამოავლენენ.