თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს „გაზპრომთან“ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე. ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის მიწოდების შესაძლებლობაზე, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
„გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 25 სექტემბერს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.
„ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ დავსვით საკითხი, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით, იყოს გაზრდილი, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ და ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი ასევე წამოიღონ რუსეთიდან," — განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ დაკავშირებულია სურვილთან გაიზარდოს ენერგოწყაროების რაოდენობა.
"ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან და უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებულები ვართ გაზის მოწოდების მხრივ, ჩვენ გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი გაზპრომიდან იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენ გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამაში მისასალმებელის გარდა, არაფერი არ არის", თქვა კალაძემ.
2007 წლიდან საქართველო აღარ ყიდულობს რუსულ გაზს, თუმცა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საერთო მოცულობის 10%-ს იღებს.