თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და მომავლის გეგმები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობა.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფედერიკა მოგერინიმ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს ევროპულ არჩევანს.
კვირიკაშვილი ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან ერთად იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 7 ოქტომბერს დაიწყო და პარასკევს, 9 ოქტომბერს დასრულდება.